Sunday, December 27, 2015

Only Lovers Left Alive


როდესაც ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი, “Only Lovers Left Alive” დაანონსდა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ჯიმი იღებდა ფილმს ვამპირებზე, ადამზე და ევაზე და მათ როლებს ტომ ჰიდელსტონი და ტილდა სვინტონი ითამაშებდნენ. ქასთში ასევე იყვნენ ჯონ ჰარტი და მია ვასიკოვსკა. ტრეილერის გამოსვლის შემდეგ კი უკვე დღეებს ვითვლიდი ფილმის ნახვამდე. ძალიან ხშირია, როდესაც ასეთი მოლოდინის შემდეგ იმედი მიცრუვდება ხოლმე, მაგრამ საბედნიეროდ ეს ის შემთხვევა არ იყო. ფილმი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი.
ჯიმ ჯარმუშმა გადაწყვიტა, რომ ედვარდზე (“ბინდი”) და მის მსგავს ვამპირებზე გამიჯნურებული მაყურებლისთვის დაენახებინა, თუ რეალურად რას ნიშნავს, იყო ვამპირი. რამდენად რთულია, შეინარჩუნო სიცოცხლის ინტერესი, როცა უკვე ყველაფერი გაქვს ნანახი. როცა ბაირონთან ჭადრაკი გითამაშია, აინშტაინთან მეგობრობდი და შექსპირი ცოტა გაღიზიანებდა კიდეც. ტომ ჰიდელსტონის პერსონაჟს, ადამს ეგზისტენციალური კრიზისი აქვს. ერთადერთი, რაც ახალისებს, მუსიკის შექმნაა, თუმცა არ უნდა პოპულარობა. სუიციდისკენ მიდრეკილების მქონე ვამპირი შეწუხებულია “ზომბებით” (უბრალო მოკვდავები).
ადამი და ევა საუკუნეებია ცოლ-ქმარი არიან და ისევ ისე უყვართ ერთმანეთი. მიუხედავად ამისა, ისინი გლობუსის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ. ადამი დეტროიტშია, სახლიდან თითქმის არ გამოდის და მუსიკას წერს, ევა – ტანჟერში ცხოვრობს, მაროკოში. კითხვა და ცეკვა უყვარს. ადამთან ლაპარაკის მერე ევა მიხვდება, რომ მის ქმარს დეპრესია აქვს და დეტროიტში აკითხავს.
თუ აქამდე ვამპირად ქცევა ბევრი მაყურებლის ოცნება იყო, უკვდავობა – მუდმივ გართობასთან ასოცირდებოდა, ამ ფილმის ყურების შემდეგ ეს გრძნობა ნამდვილად არ დაგეუფლებათ. ადამი და ევა, მათი გარემო თითქოს ერთ ადგილზეა გაჩერებული. მხოლოდ მათი ერთმანეთისადმი ლტოლვა და სიყვარულია ცოცხალი. ფილმის ყურების მომენტში, თითქოს გიხარია, რომ შენს ვენებში სისხლი მოძრაობს.
ფილმი სავსეა სხვადასხვა ცნობილ ადამიანებზე ხუმრობებით. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი პერსონაჟი ხომ თავად კრიტოფერ მარლოუა. (ჯონ ჰარტი) ფიზიკა, ვინტაჟური გიტარები, ძველისძველი ხალათები, არასწორ დროს ამოსული სოკოები ერთიანობაში საოცრად მისტიურ გარემოს ქმნიან.
ფილმში თითქმის არაფერი ხდება. უბრალოდ, უნდა მოდუნდე, ტომის და ჰილდას საოცარი ქიმიით დატკბე. ამაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ საუნდტრეკები. დაწყებული ლიბანელი შემსრულებლით, იასმინ ჰამდენით, გაგრძელებული ჯარმუშის ბენდით “SQURL” და იოზეფ ვან ვისემით.



No comments:

Post a Comment